დღეს თბილისის სხვადასხვა უბანში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობის მონაწილეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მოქალაქეებმა და პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებმა, თბილისში, ორ ლოკაციაზე, მეტრო უნივერსიტეტისა და მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს მსვლელობა.
მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დაძრული საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.
ათონელის რეზიდენციასთან მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გააჟღერეს.
საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა გმირთა მოედანზეც.
ორბელიანების სასახლიდან კი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით წავიდნენ.
რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან დაიძრა, ისინი ცოტა ხნით სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.
მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან და სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ.
გაერთიანებული მსვლელობით აქცია გმირთა მოედანზე გაგრძელდა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მიმართეს:
“გაიღვიძე თბილისო, გაიღვიძე საქართველო… მე, ერთი რიგითი ქართველი, ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები და ვიბრძოლებ სანამ საქართველო არ მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის – სრულ თავისუფლებას” – ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროტესტის მონაწილეებს.
“ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც მოიტანს ახალ არჩევნებს” – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება, როცა ივანიშვილი შეეცდება არალეგიტიმური პარლამენტი შეკრიბოს… ჩვენზეა ის, რომ მას არ მივცეთ ამის უფლება, ერთ მუშტად უნდა შეიკრას მთელი ქვეყანა” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გმირთა მოედანზე შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, ბოლოს კი, აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.