დღეს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ოპოზიციური გაერთიანებები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან  აქციას გამართავენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები სასამართლოსთან  11:00 საათზე შეიკრიბებიან. 

სწორედ ამ დროისთვისაა ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში, ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა.

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.

ოპოზიციურმა კოალიციებმა სააპელაციო სასამართლოსთან შეკრება, მას შემდეგ დააანონსეს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.