ელისაშვილი-ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე – ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ”.

„ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ იმ მაიმუნობაში მონაწილეობას, რაც გუშინ ვიხილეთ. პარლამენტის დარბაზში ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე და ზოგი რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ, კოცნონ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ და ჩვენგან, ოპოზიციისგან რაც იყო ყველაზე მთავარი, ის გავაკეთეთ და იმას ვაკეთებთ. ჩვენ უარს ვამბობთ იმ პარლამენტში მონაწილეობაზე და ამის დასტურად ვხსნით სიებს. ეს იყო მნიშვნელოვანი ამბავი. ეს გადაწყვეტილება ჩვენ 26 ოქტომბრის საღამოდან მიღებული გვაქვს, უბრალოდ. ველოდებოდით იმ მომენტს, რომ სამართლებრივად გამართული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და ახლა სამართლებრივად გამართულ გადაწყვეტილებას გეუბნებით.

ჩვენ წინ გველის ხანგრძლივი, მომქანცველი ბრძოლა, რომელშიც ვართ შესულები და რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ. იქნება ამ არჩევნების გამოძიებაც, იქნება ახალი, პატიოსანი არჩევნებიც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცესკოში მივიდა და სიების ჩახსნის შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეიტანა.

გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.