თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქცია ხვალ, 11:00 საათზე დაანონსდა

Screenshot

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ოპოზიციონერი ლიდერები და მოქალაქეები, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. შემდეგ კი მსვლელობა სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის ცენტრალური გამზირისკენ გააგრძელეს.

სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გასაჩივრებული საქმეები უნდა განხილულიყო, თუმცა, პროცესი ხვალამდე გადაიდო.

სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მომდევნო აქცია ხვალ 6 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო შეკრება, მას შემდეგ დააანონსეს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი დაახლოებით 30 ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.