თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა

Screenshot

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

“სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა”, – განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ხუჭუამ თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი და დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას  ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა.

“დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე.

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები, რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი”, – განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.