„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გერმანის ელჩს „არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ახლა მავნებლობს“.
ზარქუა გერმანიის ელჩს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს ადარებს.
„გერმანიის ელჩს ცოტა არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ის რაღაც დაბნეული და დაკარგულია თავის ფუნქცია-მოვალეობებში. მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო, მითუმეტეს თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაციაც გაქვთ თუ არა, ესეც არ ვიცი, იმიტომ, რომ დაიშალა ის მთავრობა, ვინც თქვენ დაგნიშნათ. თქვენ იმდენს ბედავთ, რომ შედიხართ პოლემიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.
რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებით, მაინც რომ იცოდეთ, ეტყობა ეს ნიუანსი გამოგრჩათ, სწორედ თქვენმა მეზობლებმა, აღმოსავლეთ ევროპიდან გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში, ღვინის მიმართულებით. იხილეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორმაგი სტანდარტია. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს ეს არ შეეფერება.
მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა იმიტომ, რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე „როთი 2“- ია. მინდა ამ „როთებს“ მივმართო: ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, ჩამოშლილია. შოლცის მთავრობა, კოალიცია დაინგრა. თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში რომ ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ მინისტრს, ალბათ, ვთხოვ ამ პერსონით დაინტერესდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის ელჩი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ელჩის მანდატს არ შეესაბამება“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება და საქართველოს მომავალი ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
გარდა ამისა, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამასთან, გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.