კომედიის ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე, მარჯანიშვილის თეატრი “ცუდი ბიჭები” სპექტაკლით წარსდგა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-მუნიციპალური დრამატული თეატრი, 24 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

კომედიის ფესტივალმა სტარტი გუშინ აიღო. დღეს კი რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე, დღეს მარჯანიშვილის თეატრი “ცუდი ბიჭები” სპექტაკლით წარსდგა.

ინგლისელი ავტორის რეი კუნის პიესის „ცუდი ბიჭები“  მოქმედება ლონდონში,  ტომას კერვუდის ოჯახში ვითარდება. პიესა არის შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური ისტორია. სახლში ორი არალეგალი ემიგრანტი, კონტრაბანდით სავსე ყუთები,  გვამი და რუსული მაფიის ლიდერი  იმალება.  სახლში  სოციალური აგენტიც  მიდის,  რადგან ოჯახი ბავშვის  შვილად აყვანას აპირებს.  მაგრამ ძმები ჰარი და დიკი ოჯახის გეგმებს თავდაყირა აყენებენ.

ხვალ 13 ნოემბერს რუსთავის თეატრი ახალციხის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლებს სპექტაკლით ,,გაუგებრობა”.

კომედიის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, წელს დაწესდება ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის  პრემია, რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.

ფესტივალის ხასიათი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარი მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლებს აერთიანებს. პროგრამა 11 თეატრის წარმოდგენებს მოიცავს.

ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ უნდა წარადგინონ ეპიზოდები კომედიური ჟანრის პიესებიდან ეტიუდების სახით.

კონკურსანტებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი, ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდება. ფესტივალი 24 ნოემბერს დაიხურება.