საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი, მე-11 მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარს იტყვიან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ისინი სიაში ფორმალურად იყვნენ.
“ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის დასამალი, ბატონი ბიძინაც, ბატონი ირაკლიც, ბატონი ირაკლიც, ეს ადამიანები პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ, ისინი არიან წარმომადგენლები ჩვენი პარტიის, ხელმძღვანელები და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, რიგია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. ძალიან მალე [დატოვებენ]” – თქვა მდინარაძემ.
დღეს, 25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრაში მონაწილეობა ოცნების 88 წევრმა მიიღო და მხარი ყველამ დაუჭირა.
მათ უფლებამოსილება ცნეს 150-ვე დეპუტატის, მათ შორის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყო.
“ქართულ ოცნებას” პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეები იქნებიან პარტიის საპარლამენტო სიის მომდევნო წევრები.