მელია-ყოველდღე ვიქნებით ქუჩაში, ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით

“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და დამარცხდება”-ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ ხვალ 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან აქციაც დაანონსა.

“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და დამარცხდება. 

იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე და არამხოლოდ რუსთაველის გამზირზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება.

არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგების თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არამედ, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება…

… ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი რიგითი კალენდარული დღე არ ჩაივლის პროტესტის გარეშე ქუჩებში და საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში [ეს შეიძლება] გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს…

…მე მირჩევნია, ზეცაში ვიყო, მირჩევნია, ცოცხალი არ ვიყო, ვიდრე შევეგუო ივანიშვილის რეჟიმს და ვიცი, რომ ყველანი ასე ფიქრობთ და ამ ბრძოლაში თანადგომაა საჭირო…

… ყოველდღე ვიქნებით ქუჩაში, ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს უახლოეს პერიოდში იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სიცოცხლით, მართალი ადამიანების ხმით.

ხვალ, დღის ორ საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ხვალ, ორ საათზე ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური, დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ, ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება”,-განაცხადა მელიამ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.