პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ახლაც გრძელდება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას  დილიდან მოქალაქეები უერთდებიან.

საკანონმდებლო ირგანოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები. პოლიციელებმა  პარლამენტის გვერდითა ქუჩები გაათავისუფლა და შენობის შესასვლელებთან განლაგდნენ.

თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

ახალარჩეული პარლამენტის სხდომა 12:00-ზე უნდა დაიწყოს.

კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი იკრიბება.

პირველ სხდომაზე მოისმენენ ცესკოს თავმჯდომარის მოხსენებას და შეიქმნება სამანდატო კომისია, რომელმაც უფლებამოსილების ცნობისთვის არჩეული დეპუტატების სია უნდა შეადგინოს.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.