პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს აპირებს

 

„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს აპირებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

26-27 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას კომიტეტში განიხილავენ.

“წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ მთავრობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატების მოსმენები გაიმართება. კერძოდ,  თავდაცვის, იუსტიციის, შერიგებისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან კომიტეტების წინაშე.

ასევე, დღეს, დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე  საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი წარსდგა.

ხვალ, 27 ნოემბერს 11:00 საათიდან კი განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის კომიტეტი შეიკრიბება, სადაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან.