პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

 

XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა.

 

პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა – წინააღმდეგი არავინ იყო.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

 

პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტის სხდომა დასრულდა.

 

მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შემდეგია:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

 

პლენარულ სხდომამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.

 

საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.

 

სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო.