რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

მაშინ როდესაც, 9 აპრილის ქუჩაზე საპოლიციო ძალები აქციას შლიდნენ, მძიმედ დაშავდა “TV პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე.

არხის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

“ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული დაზიანებების გამო, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას გუშინ და დღეს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა.