რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, 14 ხმით 5 ხმის წინააღმდეგ, მეშვიდე მოწვევის საკრებულომ მერიას უკან დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს პარტია „ლელოს“ ორმა წევრმა და საკრებულოს სამმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
სხდომას საერთოდ არ დაესწრნენ ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა, დაამტკიცეს ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმების პროექტები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, შპს „საფეხბურთო კლუბ რუსთავის“ საპრივატიზებო ნუსხა და გეგმა.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის N15 -ში მდებარე ა(ა)იპ „გენს“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით 5 წლის ვადით გადაეცა.
დამტკიცდა M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი მარშრუტი რუსთავი-თბილისის მიმართულებით (სპორტის სასახლე – 26 მაისის მოედანი) და აღნიშნულ მარშრუტზე სამგზავრო ტარიფი – 2,50 ლარი.
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, დეპუტატებმა მოიწონეს ფალიაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების, ლერმონტოვის N5-ის და თბილისის N14-ის ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტაბაღუამ წარადგინა.
ცვლილება შევიდა ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის საკრებულოს N159 დადგენილებაში. შედეგად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს საშუალება ეძლევათ, სტანდარტული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, თავად აირჩიონ ბავშვისთვის საჭირო თერაპიული სეანსები.
დეპუტატების მხარდაჭერით გაფართოვდა „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახლა უკვე დაფინანსდებიან რეზიდენტურის სტუდენტები. მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 1500 ლარისა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას რუსთავის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.