რუსთავში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და მოადგილე კახა გურულთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხარია, რომ ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ბაღს უტარდება რეაბილიტაცია, შენდება ახალი საბავშვო ბაღები, მათ შორის რუსთავში. ჩვენს ქალაქში 4 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და განახლებული, ევროპული სტანდარტების შესაბამის შენობებში დაუბრუნდებიან ბავშვები სააღმზრდელო პროცესს. რუსთავის მერიის გუნდი კი ვაგრძელებთ იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც უშუალოდ ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
N23-ე საჯარო ბაღში, სადაც სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, შენობის სრული განახლებაა გათვალისწინებული. პროექტის დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღი, 6 სააღმზრდელო ჯგუფს და 180 აღსაზრდელს მოემსახურება. განახლებული შენობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სააღმზრდელო პროცესის და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სივრცეებით და ახალი ინვენტარით იქნება უზრუნველყოფილი.
ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს 31-ე ბაგა-ბაღშიც, სადაც რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, სრულად განახლებულ და შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებულ გარემოში, 12 სააღმზრდელო ჯგუფში 400 ბავშვის მიღება იქნება შესაძლებელი.
დაწყებულია ორი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესიც. რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების N11 და N25 ფილიალების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი საბავშვო ბაღები შენდება.
N11 საბავშვო ბაღი, სადაც პროექტის დაწყებამდე, 6 სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, ახალ შენობაში, უკვე 12 ჯგუფში მიიღებს აღსაზრდელებს და 180-ის ნაცვლად, 400 რუსთაველ ბავშვს მიაწვდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისს.
ახალი საბავშვო ბაღი შენდება რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების N25 ფილიალის ადგილზეც, რომელიც პროექტის დაწყებამდე, 12 სააღმზრდელო ჯგუფს ემსახურებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი 25-ე საბავშვო ბაღი, საჭირო სერვისის შეთავაზებას, უკვე 18 სააღმზრდელო ჯგუფისთვის შეძლებს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მშენებლობა-რეაბილიტაცია 885 საბავშვო ბაღში განხორციელდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.