რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თოდრიას ქუჩის მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 13 000 მ2 ფართობზე, ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის თითოეული რუსთაველისთვის. სწორედ, ამ მიზნებიდან გამომდინარე დაიგეგმა თოდრიას ქუჩის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს პერიოდში, ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო ქუჩა შეემატება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, 13 000 მ2 ტერიტორიაზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა, განხორციელდა სანიაღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია და დამატებით 2 სანიაღვრე ჭა მოეწყო, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში, დატბორვის საფრთხეს საგრძნობლად შეამცირებს. მოეწყობა ახალი გაჩერებები, გარე განათების სისტემა და უსაფრთხოების კუნძულები. ხორციელდება თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული წრის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაცია უტარდება მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანსაც, სადაც ასევე უსაფრთხოების კუნძული მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

2024 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სხვადასხვა სახის სამუშაო, რუსთავში 48 ლოკაციაზე ჩატარდა და ორზე მიმდინარეობს.