საპროტესტო აქციის გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადა.

გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. ოპერატორს რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ამის შემდეგ სერგი ბარამიძე დააკავეს. ის შსს-ის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„მთავარი არხი” პოლიციის მხრიდან მათ ოპერატოტრზე ძალადობის, ასევე, მისი დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს 

 „დღეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას „მთავარი არხის” ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და შემდეგ მისი უკანონო დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 

შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე პოლიციელი. 

„მთავარი არხის“ გუნდი სოლიდარობას უცხადებს სერგი ბარამიძეს და აქციის დარბევისას დაზარალებულ თუ დაკავებულ სხვა მოქალაქეებს”.- წერია განცხადებაში.

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

 აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ტერიტორიიდან კარვები აღებულია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა.

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.