საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრადიციულად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
უწყებისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მომართვიანობის ზრდა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწა და გაუმჯობესება.
უწყებაში, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, მოქმედ პრევენციულ მექანიზმებს წარმოადგენს – ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, მასზე მიბმული მყისიერი და ოპერატიული რეაგირების მექანიზმი – შემაკავებელი ორდერი, ელექტრონულ ზედამხედველობის სისტემა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. 2023 წლის მაისში, ამოქმედდა განახლებული რისკების შეფასების ინსტრუმენტი. შედეგად, თანხმობის შემთხვევაში, უფრო მეტ მსხვერპლს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლოს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმით. ცვლილებების განხორციელების შედეგად, 2023 წლის პირველი მაისიდან 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, 180 შემთხვევაში, მსხვერპლის თანხმობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოძალადის მიმართ დაწესებულიყო ელექტრონული ზედამხედველობა მაშინ, როდესაც 2020 წლიდან 2023 წლის მაისამდე – ეს რიცხვი 44-ს შეადგენდა.
2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნაში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფუნქციონირებს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2024 წლის პირველი მაისიდან, გაფართოებული მანდატით განაგრძობს საქმიანობას. დეპარტამენტის სპეციალიზებული თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართალწარმოების ხარისხს, მონიტორინგის პროცესში წამოჭრილი ხარვეზებისა და მიგნებების გამოვლენისას, მათ აღმოსაფხვრელად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მათ ხელმისაწვდომობას, ასევე, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სამართალდამცავთა გადამზადებას.
კამპანიის განმავლობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომართვიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ არაერთი ღონისძიება და აქტივობა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.