სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა 2 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა.
დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებში.