უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღისთავზე გაკეთებული განცხადებისთვის.

„გმადლობთ, თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ექნება მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი ორივე ერს“, – წერს ზელენსკი ზურაბიშვილის ტვიტზე, სოციალურ ქსელ X-ში.

გუშინ, 19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

”1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.

თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან.

თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.