კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცესკოში მივიდა და სიების ჩახსნის შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეიტანა.
გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდათ, თუმცა ელოდებოდნენ დროს, როცა იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.
„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.
ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები,“ – განაცხადა ხაზარაძემ.