დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.
2024 მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან, 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაცია წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების მეთოდს, როდესაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.
თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატშმა შექმნა სპეციალიური ვებ-პლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე:
https://census2024.geostat.ge/ka.
ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
„აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.