XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

Screenshot

 

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო.

სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი.

სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა.

სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.

პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: – აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.

პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.

“ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.