ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. სამძებრო სამუშაოები არ დასრულებულა, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.
კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები გამოიწვია.
ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა.
რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოს საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.
სტიქიის გამო ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის კომიტეტი შექმნა და იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ხელისუფლებამ 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.
31 ოქტომბერს, ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.