კომედიის თეატრალური ფესტივალი დღეს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე საზეიმოდ  გაიხსნა

კომედიის თეატრალური ფესტივალი დღეს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე ტრადიციულად  საზეიმოდ  გაიხსნა.

24 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეოთხედ გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალის არსებობის მანძილზე წელს პირველად ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის  პრემია დაწესდება,  რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია  და  რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

დღეს სპექტაკლით მაყურებლის წინაშე  ხულოს თეატრი წარსდგა. ხვალ კი 12 ნოემბერს – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ,,ცუდი ბიჭები“ სპექტაკლით წარსდგება.

კომედიის თეატრალური ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ასევე  ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები, ესწრებოდნენ.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოდგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.  კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს  და გამარჯვებული ფესტივალის დახურვაზე გამოვლინდება. გასული წლის გამარჯვებული   ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. სწორედ მისი დადგმული სპექტაკლი ,,ვახშამი ექსვისთვის“ ამჯერად უკვე კომედიის ფესტივალში რეპერტუარში შევა.