მამუკა მდინარაძე – სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება, მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!

“სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება – მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ის რომ მომავალ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს, ეს არც ფორმალური და არც რეალური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.

“ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს? პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.

სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს – სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა.

პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, ექვსი-შვიდი კანდიდატურა იყო, ვისი წარდგენაც პრეზიდენტის პოსტზე განიხილებოდა. თუ ვისი იდეა იყო მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელება, მდინარაძემ განაცხადა, რომ მას ეს არ ახსოვს.