საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა.
ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ.
ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე. როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი.
მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, იმ პოლიტიკოსს არ გადაეცემა დეპუტატის მანდატი, ვისი არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.