საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა’,-წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება 18 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გააცნო საზოგადოებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, იმ პოლიტიკოსს არ გადაეცემა დეპუტატის მანდატი, ვისი არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.