დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, დღეს რუსთაველის გამზირზე სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება. კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა.

როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღესვე ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციებიც.

“რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას.

რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს. ნახეთ, რა ხდებოდა ადგილზე – აგრესიულმა ჯგუფებმა, სცენას, სადაც ბავშვები უნდა ასულიყვნენ, ნაძვის ხის ასანთებად, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები.

პარალელურად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამას გარდა დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, ვიმოქმედეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა, მათ შორის ის მომიტინგეებიც, რომლებიც მზად იყვნენ, ყველანაირი პროვოკაციის მოსაწყობად.რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შიშს მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიეყვანათ, ბავშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე შვილების თანდასწრებით მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ. სხვა რა უნდა უწოდო ამას, თუ არა ლიბერალური ფაშიზმი.

დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მანამდე სკოლის ბავშვებს ძალადობრივ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ შემდეგი უკვე ბაღის ბავშვებისთვის მოწოდება იქნებოდა ძალადობრივ აქციებში ჩართულობისკენ, იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენთილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო.მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ, რადიკალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები წააგეს, წაგების შემდეგ ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს.

რაც შეეხება სადღესასწაულო დღეებს, როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბერის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას.

თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება – ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, – განაცხადა თბილისის მერმა.