მანიფესტაციების დროს აიკრძალება პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება.

ასევე ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე გავრცელდეს და საპროტესტო აქციების დროს ექიმებსა და ჟურნალისტებს ნიღბის ტარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი.

„ლაზერული და მკვეთრი გამოსახულების მქონე საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ამას შეიძლება პროვოკაციული ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც მოქალაქე აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მიდის, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ პროტესტი საჯაროდ გამოხატოს. როდესაც სახის დაფარვა ხდება, მით უფრო მასობრივად, არის პოტენციალი იმისა, რომ ამას ძალადობრივი მიზნები გააჩნდეს, ამის რისკები იზრდება. სახის დაფარვა აკრძალულია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში“, – ამის შესახევ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.

ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.

ლაზერის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაძეც ფიქრობს, რომ დემონსტრაციის დროს ლაზერების გამოყენება სამართალდამცველებს მუშაობაში ხელს უშლის.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია. ხშირად ეს ლაზერები გამოყენებულია იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს, – განაცხადა გორდულაძემ.