პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.
პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.
„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.
რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი.
სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ და ამიტომ არ ვიხევთ უკან ჩვენს გზაზე. ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგანაც ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ობიექტურად ყველა მიხვდება, თუ რას ვემსახურებით ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ევროდეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან