ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არც პოლარიზაციაზე და არც ხელისუფლებაზე, რომელმაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს. ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ევროპასაც ეხება.
„პირველ რიგში, ეს ევროპის მიმართ ნდობას ეხება. ქვეყანა, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპას არ შეუძლია დაუშვას, რომ ამ ქვეყანამ ყველა დემოკრატიული წესი და ნორმა დაარღვიოს, მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირის ჯერ 12 და შემდეგ 9 რეკომენდაცია უარყო ან არ შეასრულა. არ შეიძლება ევროპამ თავს დამცირების უფლება მისცეს, როცა საქმე მის მთავარ პრინციპებს ეხება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან რეაგირება იქნება.
„სანამ თბილისში ევროპული დროშები იკრძალება, ქართველები კვლავ ელოდებიან მკაცრ ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. და იმედი მაქვს, ჩვენ არ მოგვიწევს უფრო ღრმა კრიზისის ლოდინი, რათა ევროპა იმოქმედოს. რა შეუძლია ევროპას? უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი საფეხურებიდან, რადგან ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და თქვენი ზურგი გვაქვს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მე იმდი მაქვს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს ლოდინი და უფრო ღრმა კრიზისში ყოფნა, სანამ ევროპა იმოქმედებს – ამბობს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის თქმით, მმართველ პარტიას, რომელიც რუსეთის გზას ადგას, ზოგჯერ მაინც უწევს წარმოაჩინოს, თითქოს ევროპის გზაზე ბრუნდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
“თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა — სამხედრო ინტერვენციას არ ვგულისხმობ, ვსაუბრობ საარჩევნო და კონსტიტუციურ ინტერვენციაზე — ძალიან მაღალი ფასი იქნება. ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ეს ეხება ყველაფერს, რაც უკავშირდება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან დაკავშირებას. ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ, სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო და მხოლოდ საქართველოს დემოკრატია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოში უფრო იაფი ინტერვენციის ფორმას ტესტავს.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეიძლება თვითონაც ნათლად ვერ ხედავდა „ქართული ოცნების“ რუსულ გზას, რომელიც 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით დაიწყო, ხოლო 2024 წლის არჩევნების შემდეგ უფრო დაჩქარდა.
„რუსული სახელმწიფოს მშენებლობა არის ის, რაც თანდათანობით ხდება. ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის კონტროლის ქვეშაა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც კენჭისყრის დღემდე ბევრად ადრე დაიწყო და ასევე „ქართული ოცნების“ რუსული სტილის პროპაგანდაზე.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი: საყოველთაობის, რადგან დიასპორის მილიონზე მეტ წევრს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და ასევე ფარულობის პრინციპი.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ერთი კაცის კონტროლის მიღმა მხოლოდ ოპოზიციური მედია და პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი რჩებიან და სამივე მათგანი სამიზნეა.
პრეზიდენტმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები არ აპირებენ შეეგუონ რუსიფიკაციას და არ გაჩერდებიან, სანამ არ მიიღებენ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა სჭირდებათ დასავლეთის დახმარება.
ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ ევროპარლამენტარები პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტში რობერტა მეცოლას მიწვევით ჩავიდა.