რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ 172 მილიონ 75 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ 172 მილიონ 75 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 19 ხმით მიიღეს.

ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრებმა და პარტია „ლელოს“ ორმა წევრმა. სხდომას არ ესწრებოდნენ და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ნათია შელეგიამ სხდომის დასაწყისში პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც მომავალი წლის ქალაქის ფინანსურ დოკუმენტს ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა და ფრაქციის წევრებთან ერთად სხდომა დატოვა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მეორე ვერსია საკრებულოში 10 დეკემბერს განახლებული პარამეტრებით – 39 მილიონი ლარით გაზრდილი შემოვიდა.

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წელთან შედარებით გაზრდილია და ჯამში 65 მილიონ ლარს აჭარბებს. ასევე გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მილიონ 610 ათასი ლარამდე. დასუფთავება, გარემოს დაცვის ღონისძიებები – 12 მილიონ 481 ათასი, ხოლო განათლების პროექტები 18 მილიონ 127 ათასი ლარით განისაზღვრა.

მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.

დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ალექსანდრე ბერიძის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით განსაზღვრულ 36 საკითხს უყარეს კენჭი.

დამტკიცდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების „დუქს რუსთავი ელიტის“, „პეტრა პლუსის“ და „ეიმ რუსთვის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების როგორც ნუსხა, ასევე გეგმა.

დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს 2025 წელს ქალაქის ტერიტორიაზე განსახორციელებელი შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ცვლილებები შევიდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანდაცვის უზრუნველყოფის პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.

დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით, „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამა, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ცვლილებები შევიდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.