არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
არასრულწლოვანს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა განესაზღვრა. არასრულწლოვანის სათანადო ქცევაზე კი პასუხისმგებელი არასრულწლოვანის მამა იქნება.
პროკურორის ინფორმაციით, შუამდგომლობის საფუძველი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება გახდა.
„ამ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში ხანძრის გაჩენის ეპიზოდს ეხებოდა. სხვადასხვა გარემოებები არსებობდა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებას საფუძვლად დაედო. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესი გავითვალისწინეთ. როდესაც არასრულწლოვანის გადაცემა ხდება მშობლის მეთვალყურეობაში. ლოგიკურია, მშობლის თანხმობა, მზაობა უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებები არსებობდა, რომელზეც მშობელი არ იყო ინფორმირებული და ფაქტობრივად, ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ ის პასუხისმგებლობა, რომ მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს, ეს გარანტიები მივიღეთ!,- განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
17 წლის ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, მ.გ. 29 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა, რის შედეგად ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.