გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.
ხუთი ადამიანი, ვისაც სანქციები დაუწესდა:
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური – „ხარებას“ მოადგილე.
„ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.
დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.
განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ.
გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა.
ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას”, – ნათქვამია განცხადებაში.