ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა

მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე  საათში, პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.

ყველა საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო. რეპრესიულ კანონებად შეფასებულ დოკუმენტს ყველაშვილმა ხელი ინაუგურაციისან რამდენიმე საათში მოაწერა და ისინი დღეიდან 30 დეკემბრიდან ძალაში შევა.

კანონები, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა:

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება – რაც ასევე პიროტექნიკას ეხება

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება – სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ

პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის

ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, – რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;

ცვლილებები საარჩევნო კოდექში – რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.

ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.

რა შედის ძალაში 30 დეკემბრიდან:

შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება –  ჯარიმა 2 000 ლარით

„სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ – ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;

გაზრდილია ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);

ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 – 3500 ლარამდე);

ახალი სამართალდარღვევები:

შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);

შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე – 15000 ლარი).