ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.