რა თემებთან დაკავშირებით არის „ქართული ოცნება“ მზად ოპონენტებთან დიალოგისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ – „არ მგონია, მეორად ძალებთან რაიმე აზრი ჰქონდეს დიალოგს“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მგონია, მეორად ძალებთან რაიმე აზრი ჰქონდეს დიალოგს. ზოგადად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში, მეორადი ძალები არიან. ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია მაგ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ 4 პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში.
მათ შორის, საუბარი გვქონდა „დიფსთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან სიტუაცია შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფსთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს მის დამარცხებას, მაშინ შეიძლება აღარც გახდეს საჭირო დიალოგი და აღდგება სამართლიანობა მარტივად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა კობახიძემ.