კობახიძე-ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგურის„წყალტუბო 500“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის გაძლიერებას და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერსა და მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

“ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის გადავაჭარბებთ უკვე 8 000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და ჩვენი გეგმაა, 2030 წლისთვის გადავაჭარბოთ 10 000 მეგავატს. ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენი სამთავრობო პროგრამის სახელწოდება გახლავთ – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“. ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.