მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს

„თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს“, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიაზე.

 

 

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე, შესაძლებელი იქნება ომის იარების ერთად მოშუშება და მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრების გაგრძელება ერთიან და ძლიერ საქართველოში.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან.

 

 

 

„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით – ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვად აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.