ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომტის თქმით, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.
„16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე.
ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. მოდით, ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე მოხდება შეთანხმება მომავალი კვირის ორშაბათს.
მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. თუმცა რაც ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მე ვიცი, სამუშაო მიმდინარეობს, რომ სანქციები მომზადდეს, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას. ეს დამოკიდებულია 27 წევრ სახელმწიფოზე. იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, ამ ხარისხის ძალადობისა და სისასტიკის იგნორირება მოახდინოს. ვნახოთ, ორშაბათს თუ იქნება წარმოდგენილი სანქციები. სამუშაო ნამდვილად მიმდინარეობს
ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება. ჩვენ არ გვსურს ხალხის დასჯა, რომლებიც ევროპული ღირებულებისადმი მათი ერთგულებისთვის მანიფესტირებენ, რომლებიც თბილისის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში დგანან, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, წევრი სახელმწიფოები ამას გადაწყევეტენ ორშაბათს“, – განაცხადა ელჩმა.