პრეზიდენტი-მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს დასკვნა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ახლა, ყველანი ერთად გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა, რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება, რომ სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, ამ კრიზისიდან სხვა, ნამდვილი გამოსავალი, თუ არა არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდგეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც კრიზისი გაუვლია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც არჩევნების ნდობა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლების ნდობა არ არსებობს როდესაც „ხელისუფლება“ გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა. ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული – ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას ბევრი ბჭობა არ სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაუნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა – სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა, მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი, ამბობს რომ ხვალ პარლამენტის წინ ხალხთან ერთად ინქრბა და 21:00 საათზე სიტყვით გამოვა.

“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.