პრემიერი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი

ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი ,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას.

„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას,  ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.