რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავის მერია, მოსახლეობის თხოვნით შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას აქტიურად აგრძელებს.

მე-12 მიკრო რაიონში, მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილი ახალი სკვერის მშენებლობა უკვე დასრულდა და წინასაახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით მოირთა. ,,რუსთავში მოსახლეობის თხოვნით შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას ვაგრძელებთ. დღეს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი გავხსენით მე-12 მიკრორაიონში.

ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა ცოცხალმა ნაძვის ხემ შექმნა. საუბნო ნაძვის ხეების ერთად მორთვა, კიდევ ერთი კარგი ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში დავამკვიდრეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალი სკვერი, მე-12 მიკრორაიონის N18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ/მ ტერიტორიაზეა გაშენებული.

ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში, სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეებია მოწყობილი.