საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.

მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა.

ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც “ევროპის სახალხო პარტიას” (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, “განაახლე ევროპის” ორი წევრი საფრანგეთიდან – ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; “სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წევრი ტობიას კრემერი და “მწვანეების” წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.