ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

ბოლო ცნობებით, ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა, უამინდობის გამო კურსი შეიცვალა და აქთაუში გაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა განგაშის შეტყობინება გაავრცელა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს. უწყების თქმით: ”ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ დროს, საქართველო სოლიდარულია სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველების ჯგუფთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.