ოთხი ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, 2024 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას სიახლეებს და პოლიტიკური პარტიების შეფასებებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდის.
ამის შესახებ ოთხი ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი განცხადების დროს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
“დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.
მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული და უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, რომ თბილისში ვეღარ ატევენ და მიჰყავთ რეგიონებში და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაში.
ის ფაქტი, რომ ისინი ასე იქცევიან ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, მათ აღარ დარჩათ არანაირი სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
ამასთანავე, უამრავი პატიოსანი და პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში”, – განაცხადა ცუცქირიძემ.