შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე- გურჯაანი(ასაქცევი)-ჩუმლაყის(გურჯაანის შემოვლითი გზა) საავტომობილო გზაზე (კმ0 -კმ15) გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, გურჯაანის შემოვლითი გზის 15.1 კმ-იან მონაკვეთზე დამონტაჟდა 433 ერთეული საყრდენი ელექტრო ბოძი და 461 ერთეული ლედ სანათი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 839 384 ლარი შეადგინა.
გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადააგილებას.
გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.