ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.
4 ოპოზიციური კოალიცია მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნენ მიცემულნი პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე.
ყველამ ვნახეთ ფიზიკური ძალადობის კადრები, ყველამ ვნახეთ ის შემზარავი კადრები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში.
ადამიანები, რომლებიც ამას ჩადიოდნენ სასწრაფოდ უნდა იქნენ მიცემულნი პასუხისმგებლობაში. ვერ გაექცევა ის ხალხი პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამაზე აკისრიათ.
“ქართულმა ოცნებამ” მთელი სახელმწიფო ჩააყენა საკუთარი დეზინფორმაციის სამსახურში – სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში შევარდნა, ჩხრეკა, ადამიანების დაკავება, ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დააჯერონ იმაში, რომ თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, რაღაც შეთქმულება, საიდანღაც ოფისებიდან იმართება პროტესტები, რომელთა მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება, ეს ასე არ არის. ვინც ძალადობს ყველამ კარგად ვნახეთ, იმ ვიდეოებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება…
მინდა მივმართო ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსაც, ქვეყანა უახლოვდება იმ მიჯნას საიდანაც უკან მობრუნება იქნება შეუძლებელი.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა, კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან, ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც “ქართული ოცნების” პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს, მათაც დააზარალებს, ისინი ამას კარგად ხვდებიან და ამიტომ ახლა აღარ არის მათი დუმილის და მათი გაჩერების დრო. ისინიც უნდა შეუერთდნენ იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში”,- განაცხადა ბრიფინგზე ლევან ცუცქირიძემ.