მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძეს ღირსების ორდენზე წარადგენს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შსს-ოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე.

ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და  ფინანსური სანქციები დაუწესა, მანამდე კი მინისტრი გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ასევე ზვიად ხარაზიშვილი იგივე “ხარება” მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.